მცხეთის ისტორია და ადგილები, რომლებსაც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ
15 ოქტომბერი 2019
მცხეთის ისტორია და ადგილები, რომლებსაც იქ  ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ

მცხეთის ისტორია ადრეული საუკუნეებიდან იწყება, საუკუნეების მანძილზე აქ დასახლებულ სხვადასხვა ხალხებს კი, დიდი წვლილი მიუძღვის ამ ქალაქის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. მისი ისტორია ბრინჯაოს ხანაში, ძვ. წ III-II საუკუნეებიდან იწყება და უამრავ საინტერესო ამბავს ინახავს.

აქ გადიოდა საერთაშორისო სავაჭრო გზები, იწარმოებოდა ლითონი, ხალხი მისდევდა სოფლის მეურნეობასა და მეთუნეობას. ყოველ უბანს ჰქონდა თავისი გალავანი, მოედანი, სავაჭრო სახლები, აბანო და სხვა უამრავი რამ, რაც ამ ქალაქის საინტერესო ცხოვრებაზე მიუთითებს.

ლეგენდის თანახმად ვიგებთ, რომ ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა. ხოლო რაც შეეხება მისი სახელის ისტორიას, არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება „მცხეთა“ წარმოდგება მესხთა ტომის სახელიდან.

გასაკვირი არ იქნება ასეთ მრავალფეროვან ქალაქს უამრავი საინტერესო ადგილი გააჩნდეს, რომელთაგან ძალიან ბევრი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ხოლო თუ მცხეთას ეწვევით, გაითვალისწინეთ ჩვენ მიერ დაბლა ჩამოთვლილი ადგილები:

ფოტო: Alix Kroeger

ჯვრის მონასტერი მე-6 საუკუნეში აშენდა და მტკვრისა და არაგვის შესართავთან, მცხეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. ტაძრის სახელწოდება სიმბოლურია, რადგან IV საუკუნის 30-იან წლებში, მაშინ, როდესაც ქრისტიანობა ახალშემოსული იყო, მეფე მირიან III-მ ამ ადგილას ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც არამხოლოდ ქართველი, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანები სცემდნენ თაყვანს. აღსანიშნავია, რომ მონასტერი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში არის შეტანილი.

ფოტო: Lonelyplanet.com

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - უდიდესი მნიშვნელობის მქონე ტაძარია საქართველოში. აქ არის დაკრძალული უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სწორედ სვეტიცხოველია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა აღსაყდრების ადგილი. ტაძარი XI საუკუნით თარიღდება.

ფოტო: Dzeglebi.ge

შემდეგი კი ჩვენს სიაში არმაზის სამონასტრო კომპლექსი და ციხეა, რომლებიც ასევე ძალიან საინტერესონი არიან. ეკლესია აქ დაახლოებით 1150-1178 წლებში აშენდა, მისმა მთავარმა ნაგებობამ, დარბაზულმა ეკლესიამ, სამწუხაროდ ჩვენამდე მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევებად მოაღწია. თანაც, არც ციხეა უკეთეს მდგომარეობაში, თუმცა გალავნის სამხრეთ ნაწილში არსებული კოშკი ასე თუ ისე გადარჩენილია, რაც ამ ადგილისადმი ინტერესს საგრძნობლად ზრდის.

ფოტო: Mtskheta.gov.ge

და რადგან ციხეებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბებრისციხეც, რომელიც ანტიკურ ხანაში აშენდა და უძველეს დროს მას ბელტა ერქვა. აღსანიშნავი და საამაყოა ის, რომ 2014 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ფოტო: Dzeglebi.ge

ბოლოს კი შიომღვიმეზე ვისაუბრებთ, თუმცა, ცხადია, ამით მცხეთის ღირსშესანიშნაობები და სანახაობები არ იწურება!

როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიომღვიმე დააარსა ასურელმა ბერმა შიომ, მე-6 საუკუნეში. ბერმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ მღვიმეში გაატარა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი, ანდერძის თანახმად იქვე დაასაფლავეს, სწორედ აქედან წამოვიდა სახელწოდება შიომღვიმე, რომელსაც XI საუკუნეში ეკლესია დააშენეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სენიორია ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრივი კერაც იყო, რაც აქაურობის ისტორიას უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.

თუ თქვენ გადაწყვეტთ მცხეთას ეწვიოთ, გახსოვდეთ, რომ მეტრო ჯორჯიას კომფორტული და თანამედროვე ავტობუსები თქვენი თავგადასავლების სრულყოფაში დაგეხმარებიან.