გასტრონომიული ოდისეა - იმერეთი
5 ოქტომბერი 2019
გასტრონომიული ოდისეა - იმერეთი

ვაგრძელებთ ყველაზე გემრიელ მოგზაურობას, სადაც ახლა იმერეთის გამორჩეული კერძების დრო დადგა.

ფოტო: Georgianjournal.ge

რა თქმა უნდა, სიაში პირველი იმერული ხაჭაპურია, რომელიც ალბათ უმეტესობისთვის ერთ-ერთ საყვარელ კერძს წარმოადგენს. თანაც, მის გარეშე ხომ წარმოუდგენელია სადღესასწაულო სუფრა და ყოველი დღეც კი! ამ ხაჭაპურის ჯადოსნური ინგრედიენტი იმერული ყველია, რომელიც კერძს დაუვიწყარ გემოს სძენს. აქვე კი დავამატებთ და გეტყვით, რომ იმერეთში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს იქაური ჭყინტი ყველი, რომლის დაგემოვნებასაც აუცილებლად გირჩევდით. აღსანიშნავია, რომ ხაჭაპური და მჭადი აქ ძირითადად კეცზე ცხვება, რაც ამ კუთხის სამზარეულოს ასევე საინტერესო ელემენტი გახლავთ.

ფოტო: foodandwine.com

შემდეგი ჩვენს სიაში იმერული ფხალია, რომელიც ასევე არანაკლებ პოპულარულია. იმერეთში მას ნიგვზითა და ძმრით კაზმავენ, ხოლო სხვადასხვა სუნელები და მწვანილი, მას განსხვავებულ გემოს ჰმატებენ.

აღსანიშნავია ამ კუთხის სამზარეულოს სიყვარული სოკოსადმი, რომელიც გარდა იმისა, რომ უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, მისი მომზადება უკვე ერთგვარ ტრადიციასაც წარმოადგენს. ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ მანჭკვალას კონსერვებს დამარილებულად ინახავენ რამდენიმე ზამთარს. გარდა აღნიშნული სახეობისა, აქ შეხვდებით ქამასა და ნიყვის სოკოსგან დამზადებული კერძებსაც.

ფოტო: Gemrielia.ge

რაც შეეხება კუჭმაჭს - ეს კერძიც ნამდვილად განსაკუთრებულია. ის მზადდება სხვადასხვა ცხოველის შიგნეულობისგან, იქნება ეს ღორის, საქონლისა თუ ფრინველის გულ-ღვიძლი. შესაზავებლად კი ნიგოზსა და ბროწეულის მარცვლებს იყენებენ.

და ბოლოს, იმერლების ერთ-ერთ საყვარელ კერძს ლობიო წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძი რაჭაშიც არანაკლებ უყვართ და მას ლორითაც გვთავაზობენ, იმერეთში მას ხშირად ნიგვზით ან კვაწარახით ამზადებენ, რაც წარმოუდგენლად საინტერესოდ და რაც მთავარია, გემრიელად ჟღერს.

ხოლო თუ თქვენ საქართველოს რომელიმე კუთხეში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმერეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ მეტრო ჯორჯიას კომფორტული და თანამედროვე ავტობუსებით, გახსოვდეთ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სია, მერე რა, რომ ეს კერძები შეიძლება სადმე შეიძინოთ და ყოველდღე მიირთვათ? იმერეთში გასინჯულს სულ სხვა გემო აქვს!