ფაქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმის შესახებ
25 ოქტომბერი 2019
ფაქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმის შესახებ

საქართველოს გეოგრაფიის გაცნობის ერთ-ერთი კარგი გზა მღვიმეების მონახულებაა, რომლის ნაკლებობასაც ნამდვილად არ ვუჩივით. სწორედ ამიტომ, დღეს გადავწყვიტეთ მოგაწოდოთ საინტერესო ფაქტები იმ ორი მღვიმის შესახებ, რომლებიც ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობენ.

ფოტო: Nationalparks.ge

სათაფლიის მღვიმეები ოთხი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან პირველი 1925 წელს პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა, რომელიც იმ დროს პირველყოფილი ადამიანის სადგომს ეძებდა. თითოეული მღვიმე გამორჩეულია თავისი საინტერესო ნიმუშებით, წარმონაქმნებითა და სილამაზით. მათგან აღსანიშნავია „გუმბათოვანი დარბაზი“. რომელიც მღვიმის შესასვლელიდან 100 მეტრში მდებარეობს და „ნაღვენთების სასაფლაო.“

ფოტო: Itinari.com

სათაფლიის მღვიმეში განსაკუთრებული სიჭარბით შეხვდებით სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს (გამოქვაბულის შვერილებს), რომლებიც ზოგან ერთდება და მათ მიერ წარმოქმნილი დიდი ზომის სვეტები საოცარ სანახაობას ქმნიან.

ხოლო რაც შეეხება მღვიმის ცალკეულ განშტოებებს, ისინიც არანაკლებ საინტერესონი არიან. ჯამში კი, სათაფლიის მღვიმის სიგრძე 900 მეტრია.

გარდა სათაფლიის მღვიმეებისა, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში,რომელიც ქუთაისიდან 7 კილომეტრში მდებარეობს, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ კოლხური ტყე თავისი უნიკალური ეგზემპლარებით და დინოზავრის ნაკვალევი.

ფოტო: Advantour.com

რაც შეეხება პრომეთეს მღვიმეს, ის ქუთაისიდან 40 კილომეტრში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აღსანიშნავია, რომ ის არანაკლებ საინტერესო და ლამაზია.

აქ აღმოჩენილი 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, საოცარ სანახაობას წარმოადგენენ. ისინი მდიდარი არიან სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით, იქნება ეს სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, მიწისქვეშა ტბები თუ სხვა.

ფოტო: Nationalparks.ge

აღსანიშნავია, რომ მღვიმე საოცრად კეთილმოწყობილია, საფეხმავლო ბილიკების გარდა აქ თქვენ აღმოაჩენთ ხელოვნურ განათებას, ლაზერ-შოუს, თერაპიას ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის და ა.შ

საყურადღებოა ისიც, რომ ამ მღვიმეში გავლა საკმაოდ ადვილია, ტურისტული მარშრუტის სიგრძე კი 1060 მეტრია.

ვფიქრობთ, ამ ფოტოებში ასახული სილამაზე, ნამდვილად საკმარისია იმისთვის, რომ აქაურობის მონახულება საშინლად მოგინდეთ! სწორედ ამიტომ, თუ გადაწყვეტთ, რომ რომელიმე ადგილს ეწვიოთ, გახსოვდეთ, რომ მეტრო ჯორჯიას კომფორტული და თანამედროვე ავტობუსები თქვენი თავგადასავლის სრულყოფაში დაგეხმარებიან.

წყარო: ვიკიპედია.