აუცილებლად სანახავი ჩანჩქერები საქართველოში
14 ნოემბერი 2019
აუცილებლად სანახავი ჩანჩქერები საქართველოში

შუა შემოდგომაა და მოსალოდნელ ზამთარზე ფიქრი განერვიულებთ? ერთი სული გაქვთ, როდის მოვა ზაფხული და მზიანი დღეები? მაშინ, დაე ეს სტატია თქვენთვის იმედის ნაპერწკალი გახდეს, რადგან დღეს საქართველოს გამორჩეულ ჩანჩქერებზე გესაუბრებით, რომლებით ტკბობაც, მართალია ახლაც შესაძლებელია, თუმცა აქ წასვლა ზაფხულის ცხელ დღეებში უფრო კარგია, რადგან მზისგან დაღლილებს, იქაური გრილი ჰაერი სასიამოვნოდ მოგელამუნებათ.

ფოტო: Ambioni.ge

სიას დავიწყებთ მახუნცეთის ჩანჩქერით, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 335 მეტრზე მდებარეობს. 50 მეტრიანი ჩანჩქერი და იქაური თვალწარმტაცი გარემო მუდამ იზიდავს უამრავ ადამიანს. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი იდეალურია მაშინ, როდესაც მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად პიკნიკის მოწყობა გსურთ.

ფოტო: Giorgi Nikolava Photography

ტობის ჩანჩქერები კი, რომლებიც საქართველოს „წითელ წიგნში“ არიან შეტანილნი, ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობენ და უდავოდ საოცარ სანახაობას ჰქმნიან. მარტვილის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ მეორე ბალდაში არსებული ეს ჩანჩქერებიც არ განიცდიან ვიზიტორების ნაკლებობასა და ბუნების მრავალფეროვნებას. ამ ფოტოზე ხედავთ აბაშას ჩანჩქერს.

ფოტო: Intermedia.ge

ტობის ერთ-ერთ ჩანჩქერს წარმოადგენს ონიორეც, რომელიც 67 მეტრი სიმაღლისაა.

ფოტო: Caucasus-trekking.com

შემდეგი კი ჩვენს სიაში გველეთის ჩანჩქერია, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს და უდავოდ ძალიან საინტერესო ადგილს წარმოადგენს. გველეთი - სტეფანწმინდის თემში არსებული სოფელია, რომელიც თავის სტუმრებს საინტერესო ამბებს ჰპირდება, მაგალითად, აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ფეოდალური ხანის ციხეც, რომელსაც 1301 წელს დავით VIII-მ შეაფარა თავი. გველეთის ჩანჩქერი ორ, დიდ და პატარა ნაწილად იყოფა.

ფოტო: Georgianjournal

სამცვერას ჩანჩქერი კი მდინარე ძუსას ხეობაში, ზღვის დონიდან 170 მეტრზე მდებარეობს. გამორჩეული სილამაზის მქონე ეს ადგილი, უამრავ ადამიანს იზიდავს და ფოტოზე შეხედვის შემდეგ, მარტივია ამ მიზეზის დადგენაც.

ფოტო: Pinterest

ჩვენს სიას ინწირას ჩანჩქერით დავასრულებთ, რომელიც ბუნების ნამდვილი საოცრებაა. წალენჯიხაში არსებული ეს სილამაზე თავის ყოველ სტუმარს ატყვევებს გამორჩეული სიმწვანით, ჯანსაღი ჰაერითა და მომაჯადოვებელი პეიზაჟებით.

ზაფხულიც მალე მოვა! ხოლო თუ კი თქვენ გადაწყვეტთ, რომ ამ რომელიმე საოცრებას ეწვიოთ, გახსოვდეთ, რომ მეტრო ჯორჯიას კომფორტული და თანამედროვე ავტობუსები თქვენი თავგადასავლების სრულყოფაში დაგეხმარებიან.